სამომხმარებლო ბაზარზე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივა

 

2021 წლის 8 ივლისს სასტუმრო რუმსში საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ბიზნეს ფორუმი სახელწოდებით „სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პრობლემები და განვითარების პერსპექტივა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები ისევე, როგორც ბიზნესის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძების პირველი ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, ხოლო მეორე ნახევარი საიდსტრიბუციო-მწარმოებელ და რითეილ კომპანიებს შორის დებატების რეჟიმში წარიმართა.

ფორუმზე ერთერთი მომხსენებელი გახლდათ „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელმაც „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისთან“ სულ რამდენიმე დღის წინ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში იმ უსამართლო პრაქტიკაზე ისაუბრა, რაც უკვე რამდენიმე წელია სიახლეს არ წარმოადგენს საქართველოში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანიებისა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობიდან გამომდინარე. აქცენტები დაისვა ხელშეკრულების კაბალურ პირობებზე, რაც გათვალისწინებულია თანამშრომლობის კონტრაქტებში და პირდაპირი მოთხოვნაა მსხვილი სავაჭრო ქსელების მხრიდან სადისტრიბუციო კომპანიებთან მიმართებით. ფორუმზე მხარეებმა ისაუბრეს თანამედროვე სადისტრიბუციო ბიზნესში არსებულ გამოწვევებსა და მათ საპასუხოდ  დროული და კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღების საჭიროებაზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „კორძაძის საადვოკატო ბიუროსა“ და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას“ შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბიურო ასოციაციას სრულ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს, მიმდინარე და რთულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე აღინიშნა ისიც, რომ სადისტრიბუციო ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების კუთხით, რომელიც ინიციატივის სახით წარედგინება  საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას.