„კორძაძის საადვოკატო ბიუროსა“ და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 7 ივლისს „კორძაძის საადვოკატო ბიუროსა“ და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ასოციაციის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მხარეები აცნობიერებენ თანამედროვე სადისტრიბუციო ბიზნესში არსებულ გამოწვევებს და მათ საპასუხოდ  დროული და კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღების საჭიროებას, შესაბამისად ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში:

  1. ბიურო ასოციაციას მიმდინარე და რთულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სრულ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს;
  2. სადისტრიბუციო ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების კუთხით, რომელიც ინიციატივის სახით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარედგინება;
  3. ბიურო (ასოციაციასთან შეთანხმებით) მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური სამართლებრივი საკითხების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენის პროცესში;
  4. ასოციაციის მიერ სადისტრიბუციო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ პროექტებში ბიურო ჩაერთვება კონსულტირების მიზნით;

 

ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საჭიროება რიგი მიზეზებით იქნა გამოწვეული, კერძოდ უმეტესწილად მსხვილ სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორ კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები სავაჭრო ქსელების ინტერესებზეა მორგებულია და ხშირად კაბალურია თავისი შინაარსით და მოთხოვნებით.  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს სავაჭრო ქსელები, როგორც ამ ურთიერთობის ძლიერი (დომინანტი) მხარე, სთავაზობენ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს რომელთა ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია. იურიდიული კონსულტაციის საჭიროებას განაპირობებს ისიც, რომ სავაჭრო ქსელები იტოვებენ ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას, სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისას.