2014 წლის 24 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორიაში „ქართული სამართლის აქტუალური საკითხების“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გამოიცა “კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ფინანსური მხარდაჭერით და მიეძღვნა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხსოვნას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. მან ისაუბრა ლუარსაბ ანდრონიკაშვილზე, როგორც საზოგადო მოღვაწეზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული განათლების ჩასახვა და განვითარება საქართველოში. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა უნივერსიტეტთან მზაობის შემთხვევაში დაარსოს ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია და აუდიტორია.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიზე, რომელმაც ისაუბრა ლუარსაბ ანდრონიკაშვილზე, როგორც ფართომასშტაბიან მოაზროვნე იურისტზე.
ასევე სიტყვა წარმოთქვა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა თორნიკე ნემსწვერიძემ, რომელმაც პროფესორ ანდრონიკაშვილის გახმაურებული სასამართლო პროცესების შესახებ ისაუბრა.